Tuesday, May 1, 2012

ჯანსაღი კვება


ჯანსაღია ისეთი კვება, რომელიც ორგანიზმს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფს. იგი შეესაბამება ორგანიზმის მოთხოვნილებას ენერგიაზე და ამავე დროს სხეულს ოპტიმალურ წონას უნარჩუნებს. სურსათის დაყოფა ერთმნიშვნელოვნად მავნე და ერთმნიშვნელოვნად სასარგებლო პროდუქტებად წარმოუდგენელია - ამის გადაწყვეტა საკუთარ ორგანიზმს უნდა მიანდოთ. ის თავად გაარკვევს, რომელი პროდუქტია მისთვის სასარგებლო და რომელი - ზიანის მომტანი. ადამიანის სხეული ხომ ძალადობას ვერ იტანს.

მთავარი მომმარაგებელი
საკვები ნივთიერებებით ორგანიზმის მთავარი მომმარაგებელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტია - კომპლექსური ორგანო, რომლის ფუნქციასაც საჭმლის მონელება წარმოადგენს. საჭმლის მონელებისას საკვები ფიზიკურ, მექანიკურ და ქიმიურ დამუშავებას განიცდის. სასარგებლო გადამუშავებული ნივთიერებები შეიწოვება, საკვების უვარგისი და მოუნელებელი ნაწილი კი ორგანიზმიდან გამოიდევნება. საკვების ფიზიკური დამუშავება პროდუქტების დანაწევრება-დაქუცმაცებაა, ქიმიური დამუშავება კი ორგანიზმისთვის უცხო, რთული სტრუქტურის ნაერთების მარტივ ნაერთებად ეტაპობრივ დაშლას გულისხმობს. ეს პროცესები მიმდინარეობს განსაზღვრული თანამიმდევრობით, იწყება პირის ღრუში, გრძელდება საყლაპავ მილში, კუჭში, წვრილ და მსხვილ ნაწლავებში, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და კუჭქვეშაAჯირკვლის მონაწილეობით და მთავრდება სწორი ნაწლავიდან განავლოვანი მასების გარემოში გამოყოფით.

No comments:

Post a Comment